ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები "მედიატორთა ჯგუფის" შექმნას აპირებენ, რათა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარონ. ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, იგეგმება საქართველოში ვიზიტი.
"არის გეგმები. ახლა განვიხილავთ, სასარგებლო იქნება თუ არა ასეთი ვიზიტი. იქმნება საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შემდგარი შუამავლების ჯგუფი და ის აუცილებლად მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას. მჯერა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სიგნალის გაგზავნა, არა მხოლოდ ლიეტუვიდან... ეს უნდა იყოს ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე", - თქვა მინისტრმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნებია. ვადამდელ არჩევნებზე კატეგორიულ უარს ამბობს მმართველი გუნდი. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა.
პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. მელიას დაკავების საკითხზე გუნდში არსებული უთანხმოების გამო პრემიერმინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დატოვა, ქართულმა ოცნებამ კი ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა. ღარიბაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე საათში სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია დააკავა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა.